"მოზაიკა” - ბრენდის ისტორია

,,მოზაიკა” - ბრენდის ისტორია
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეშვიდე პროექტი ,,მოზაიკა” მდებარეობს საბურთალოზე, გაზაფხულის ქუჩის N10-ში. საცხოვრებელი პროექტის სახელწოდება უბნის იდენტობასა და იმ კულტურულ ფენასთანაა მჭიდრო კავშირში, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან შემორჩა თბილისის არქიტექტურულ ქსოვილს.
ადგილის ისტორია
,,მოზაიკა” საბურთალოზე, დელისის მიმდებარედ შენდება. სიტყვა ,,დელისის” ეტიმოლოგიის გაცნობის შემდეგ ვნახავთ, რომ ტერიტორიის თავდაპირველი სახელი ,,გდელისი” იყო. სიტყვა ორი ცნებისგან შედგება - ,,გდელი” (გრძელი) და ,,ლისი” (დაჭაობებული ფართობი), ანუ გდელი ლისი. დროთა განმავლობაში ორი ერთნაირი მარცვლიდან ერთი შემორჩა, ხოლო მოგვიანებით სიტყვას თავკიდური ,,გ” ჩამოშორდა. ამგვარად მივიღეთ ტოპონიმი - დელისი.
არქეოლოგიურ გათხრებს ენეოლითურ ხანამდე მივყავართ. ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამიწათმოქმედო კულტურის ძეგლები ძვ.წ. V-IV ათასწლეულებით თარიღდება. ყველაფერი ეს მოწმობს, რომ ახლანდელი დასახლება ბრინჯაოს დამზადების უძველესი კერაა.
რაც შეეხება საბურთალოს, მე-19 საუკუნეში გაჩენილი ტერიტორია ძველად ვრცელი ველი იყო, რომელიც სპორტულ ასპარეზობას, მათ შორის, ბურთაობასაც მასპინძლობდა, რაც უბნის სახელწოდებაშიც ამოიკითხება. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ძველად საბურთალოში ბაღები უნდა ყოფილიყო გაშენებული, რომლებიც მდინარე ვერედან გამოყვანილი არხით ირწყვებოდა.
საბურთალო თბილისს 1917 წელს შემოუერთეს და მალევე დაიწყო მისი ქალაქური განაშენიანება. 30-იან წლებში სამსართულიანი სახლები გაშენდა, რომლებსაც 50-იანებში კოსტავას გასწვრივ აშენებული საზოგადოებრივი და საცხოვრებელი სახლები მოჰყვა, საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში კი საბურთალოზე თბილისის პირველი საცხოვრებელი მასივი გამოჩნდა.
ქართული მოზაიკური კულტურის ისტორია და ფილოსოფია
1960-80-იანი წლები საქართველოს ურბანულ ხელოვნებაში მოზაიკის ხანად შეიძლება მივიჩნიოთ. მოზაიკის ტექნიკით შესრულებულ მონუმენტურ ნამუშევრებს ქარხნების, სკოლების, სანატორიუმების, კინოთეატრების, სადგურებისა და სხვა დაწესებულებების ექსტერიერში შევხვდებით.
სმალტის ფერადი, ათობით ათასი ნატეხისგან აწყობილი ვიზუალები ცხოვრების ცალკეულ ასპექტებს ასახავს, მათ შორის შრომის, განათლების, დასვენებისა და გართობის ეპიზოდებს. ,,ბიოგრაფი ლივინგის” საცხოვრებელი პროექტის მიმდებარედ რამდენიმე ცნობილი მოზაიკური პანოა შემორჩენილი: პროფკავშირების სახურავის, ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროს მოსაცდელი დარბაზისა და სახანძრო სამსახურის შენობის მოზაიკურ-ბარელიეფური გაფორმებები. 
მოზაიკები მყარი და გამძლე მასალით კეთდება, რის გამოც საბურთალოს სხვადასხვა წერტილის გაფორმებები დღეს უმეტესად პირვანდელი იერსახითაა შემორჩენილი. სიმტკიცე, რომელიც ხელოვნების ამ მიმდინარეობას ახასიათებს, ,,მოზაიკის” საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურულ სიმბოლოდაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
მოზაიკური ხელოვნება სხვადასხვა მასალის ფრაგმენტებით ერთ მთლიანობას ქმნის. ,,ბიოგრაფი ლივინგის”, როგორც დეველოპერული კომპანიის ამოსავალი პრინციპი სწორედ მჭიდრო, მეზობლური კავშირია მაცხოვრებლებს შორის. ადამიანები, ურთიერთობები და მათ მიერ შექმნილი ისტორიები ქმნის ეკოსისტემას საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე.
ბრენდის სიმბოლიზმი
ბრენდის ლოგოტიპში გამოყენებულია ორი მოტიფი მოზაიკიდან და საბაგირო, რომელიც ნუცუბიძეს ლისის ტბასთან აკავშირებდა. ბრენდის ფერებიც არსებული მოზაიკიდან არის შთაგონებული.

ბრენდინგში გამოყენებულია სამი სიმბოლო:
ფარშევანგი: თბილისის სატყეო მეურნეობის სამინისტროს ყოფილი ლაბორატორიის მოზაიკური ექსტერიერის ნაწილი.
მზე: სტილიზებული მზე თბილისის ერთ-ერთი მოზაიკიდან.
საბაგირო: ლისის ტბისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზა.
