ბიოგრაფი - ბრენდის შექმნის ისტორია

ბრენდის შექმნა, რომელიც თავის თავში მოიაზრებს სტრატეგიას, სახელის შერჩევასა თუ ვიზუალური იდენტობის შექმნას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული ამოცანაა.
ძლიერი და მრავლისმომცველი სტრატეგია, კონცეპტუალური სახელი, სწორად აღქმული ვიზუალიზაცია, კომპანიის წარმატებული მომავლის საყრდენია, მეტყველებს მის ღირებულებებსა და შორეულ გეგმებზე.
სწორედ ასეთი ფუნდამენტური პროცესებით დაიწყო ახალი დეველოპერული კომპანიის შექმნა, რომელიც დაიგეგმა ვისოლ ჯგუფის მიერ.
ვისოლ ჯგუფის მყარი საფუძველია წარმატებული ბიზნესის მართვის გამოცდილება, ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა და ახალი სტანდარტის შექმნა უძრავი ქონების სექტორში.
კომპანიის ირგვლივ შეიკრიბა პროფესიონალთა გუნდი. წამყვან სპეციალისტებთან კოლაბორაციით დაიწყო ახალი ბრენდის შენება.
კომპანიის სახელსა და სტრატეგიაზე იმუშავა ბრიტანულმა კომპანიამ keppel&co, კონკრეტულად, კომპანიის დირექტორმა ნიქ ქეფელ-ფალმერმა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია ამ მიმართულებით და საქართველოსთან აკავშირებს როგორც საქმიანი, ასევე მეგობრული ურთიერთობები.
მუშაობის პროცესში გამოიკვეთა ხედვა და სურვილი, რომ ახალი დეველოპერული კომპანია უნდა ყოფილიყო ის განსხვავებული პერსპექტივა უძრავი ქონების ინდუსტრიაში, რომელიც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებდა ამ სეგმენტს და ექნებოდა ამბიცია შეექმნა ცოცხალ ურთიერთობებზე დამყარებული კონცეფცია საცხოვრებელი სახლებისა და ურბანული განახლების შესახებ.
სტრატეგიულმა კვლევამ გაამყარა ხედვა ადამიანებსა და საცხოვრებელ გარემოს შორის ცოცხალი და ჯანსაღი ურთიერთოების აუცილებლობის, ემოციური კავშირების უპირატესობის შესახებ.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ორიენტირები:
არა უბრალოდ შენობა, არამედ ეკოსისტემა.
არა უბრალოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ ადგილი, სადაც სიცოცხლეა.
სწორედ ამ ნიშნით, კომპანიის სახელად შეირჩა ბიოგრაფი - ცხოვრების აღმწერელი. თითქოს ეს არის ადგილი - საცხოვრებელი სივრცე, რომელიც მაცხოვრებლების, მათი ისტორიისა და მომავალი თაობების ერთგვარი არქივია. რომელიც მომდინარეობს სიტყვა ბიოგრაფიიდან და არა მარტო აცოცხლებს ისტორიებს, არამედ თავად ქმნის ახალ ისტორიულ ქრონიკებს.
კონცეფციის გამაერთიანებელი სიტყვა, რომელიც საფუძვლად დაედო ბიოგრაფის სამომავლო კომუნიკაციას, გახდა - კავშირი - ყველაფერი ის, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს.

საბოლოოდ ჩამოყალიბდა კომპანიის მთავარი გზავნილი - ბიოგრაფი გვაკავშირებს.
შეიქმნა გამორჩეული ვიზუალური სტილი, რომელიც ახალი და განსხვავებული ხელწერაა, ხოლო ბრენდინგი დასამახსოვრებელი და უნიკალურია. იგი ეფექტურად წარადგენს ბრენდს არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე.
ღრმა და მრავლისმომცველი კონცეფცია აერთიანებს ფერებს, ფორმებსა და ორნამენტებს, რომლებიც გამოხატავს საქართველოს იდენტობას მისი ვიზუალური აღქმისას.
ბრენდის ვიზუალურ მიმართულებაზე იმუშავა შარლოტა ჰოფქინსმა, ბრიტანელმა გრაფიკოს-დიზაინერმა, რომელსაც არაერთი წარმატებული საავტორი პროექტი აქვს განხორციელებული.
პროექტში სრულად ჩაერთო ბიოგრაფის გუნდი. ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა თითქმის ყველა ეტაპი. ეს იყო ურთიერთთანამშრომლობის, მსჯელობის, საერთო შეთანხმებისა და გადაწყვეტილებების მიღების ძალიან ცოცხალი პროცესი.
იმისათვის, რომ შექმნილიყო რაღაც ახალი, თანამედროვე, ქართული და ყველასთვის დასამახსოვრებელი, შარლოტა გაეცნო ქართულ ვიზუალურ ხელოვნებას, ორნამენტიკას, ავთენტიკურ ფერთა გამას და ბრენდის კონცეფციაზე დაყრდნობით შექმნა უნიკალური ვიზუალიზაცია, რომელშიც ყველა ელემენტსა თუ ფერს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს.
მუშაობის პროცესში შარლოტამ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს გამოხატული იდენტობა ფერებსა და ფორმებთან მიმართებით, ხოლო უნიკალური ორნამენტიკა სრულად გამოსახავს უძველეს ქართულ კულტურას და ვიზუალში აცოცხლებს ისტორიულ პასაჟებს.
ბიოგრაფის ლოგო ემოციურად მოგვითხრობს ისტორიას წარსულიდან მომავლისკენ, იქცევს ყურადღებას ორგანული, ნატურალური ფერთა პალიტრითა და განსხავებული, ავთენტიკური ორნამენტიკით.

იგი წარმოადგენს ტიპოგრაფიკას, რომელშიც ინტეგრირებულია ორნამენტები, კერძოდ მზე, როგორც სიცოცხლის, განახლების, ბედნიერების სიმბოლო და მთა - მიზნისკენ სწრაფვის, წარმატების, თავისუფლების სიმბოლო.
ლოგოში გამოყენებულია წითელი და შავი ფერი, რომლებსაც ხშირად ფიროსმანის წითელსა და შავს უწოდებენ. ასეთი ფერთა სინთეზი კიდევ უფრო ორგანულს და ემოციურს ხდის ბიოგრაფის ლოგოს.

ბიოგრაფი, როგორც დეველოპერული კომპანია, თავის მხრივ, წარადგენს სამ ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელ პროექტს.
თითოეული მათგანი წარმოდგენილია საკუთარი ვიზუალიზაციით, რომელიც ბიოგრაფის იდეური გაგრძელებაა.
საკენი - მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ვაჟა ფშაველას გამზირზე, სასტუმრო აფხაზეთის ადგილას.
პროექტი, რომლის ინსპირაციას წარმოადგეს აფხაზეთი, განსაკუთრებით სოხუმი. მისი სახელიც შთაგონებულია აფხაზეთში არსებული მდინარე საკენით.
საკენის ლოგო არის ტიპოგრაფიკა, რომელშიც გამოყენებულია ორნამენტები: ტალღები - შავი ზღვისა და მდინარე საკენის აღმნიშვნელი, გრიფონი - სოხუმის დრამატული თეატრის წინ მდებარე შადრევნის ცნობილი ქანდაკება და ხელები - მეგობრობისა და პატივისცემის სიმბოლო.
ლოგოში გამოყენებული ლურჯი - ზღვის და მდინარის სიმბოლოა. ასევე, ვიზუალურ კომუნიკაციაში შემოდის მეორე ფერი - ზურმუხტისფერი, რომელიც გამოხატავს აფხაზეთის კავკასიონის ზურმუხტისფერ ტბებს.
მატიანი - მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის წინ.
ისტორიკოსების გადმოცემით, დიდუბე არის ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო მეფე თამარის ზაფხულის სასახლე.
პროექტის სახელი სწორედ ადგილის მნიშვნელობით არის შთაგონებული.
მატიანი - იგივე მემატიანე, სივრცე, ადგილი, ადამიანი, რომელიც აღწერს დროის მსვლელობას - ისტორიებს.
მატიანის ლოგო ტიპოგრაფიკულია და მასში გამოყენებულია ორნამენტები: ცხენი - მუზეუმში დაცული ქართული ანტიკური ცხენი, თაღი - ევროპული არქიტექტურის სიმბოლო – უკავშირდება ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, გვირგვინოსანი ვეფხვი - სიმბოლო ვეფხისტაოსნისა და თამარის ეპოქისა.
ლოგოში გამოყენებულია ოქროსფერი, რომელიც მეფე თამარის „ოქროს ხანის“ სიმბოლოა, ხოლო მეორე, საკომუნიკაციო ფერია ყვითელი - თამარის ზაფხულის სასახლის ანარეკლი.
ჰისნი - მრავალფუნქციური საცხოვრებელი უბანი ქეთევან დედოფლის გამზირზე. ძველი ჰისნის ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობდა სპარსული ციტადელი - თბილისური ეკლექტურობის სიმბოლო, ხოლო თბილისის უახლეს ისტორიაში ტრამვაისა და ტროლეიბუსების პარკი.
ლოგო ტიპოგრაფიკულია, მასში გამოყენებულია ორნამენტები: ჰისნის იდეური სიმბოლო, როგორც კულტურათა გზაჯვარედინი; სიმწვანის აღმნიშვნელი სიმბოლო გამოხატავს იმ გამწვანებულ ადგილს, სადაც უნდა გაშენდეს ჰისნის უბანი; ტროლეიბუსების პარკის სიმბოლო, რომელიც აღნიშნავს თბილისის უახლეს წარსულში არსებულ სატრანსპორტო ჰაბს.
ლოგოში გამოყენებული ძირითადი ფერია მწვანე, რომელიც გამოსახავს პროექტ ჰისნის გამწვანებულ ადგილმდებარეობას, ხოლო დამხმარე ფერი არის თიხისფერი - იდეურად უკავშირდება მშენებლობას, როგორც მომავალ ოაზისურ უბანს ისანში.

ბრენდინგში გამოყენებული სიმბოლოები:
მზე - სიცოცხლის სიმბოლო
მთა - კავკასიონის სიმბოლო
ბედის ბორბალი - ძველი კავკასიული ორნამენტიკა ამოღებული ხალიჩებიდან
სამყურა - ანტიკური სიმბოლო სამებას გამოხატავს
მდინარე - სიცოცხლის სიმბოლო, თავისუფლების, დროის დინების
მტრედი - მშვიდობის და სიყვარულის სიმბოლო
ბროწეული - ნაყოფიერების სიმბოლო
ირემი - სიცოცხლის ხე (ირმის რქა), ანტიკური ბრონზეს ქანდაკება
მეფე თამარის ზაფხულის სასახლე - მეფე თამარის ხატის იკონოგრაფია
ვერძის რქა - ქართული ორნამენტიკა ანტიკური ჭურჭლიდან და სამკაულებიდან
ვარსკვლავი - იმედის შუქურა
მოცეკვავე ქალი - უძველესი კავკასიური ფარდაგების ორნამენტიკა
სიცოცხლის ხე - უძველესი ფარდაგების ორნამენტიკა ეთნოგრაფიულიდან
პინგვინი - სოხუმის ცნობილი კაფე „პინგვინის“ სიმბოლო
ბორჯღალი - მზის უძველესი ქართული სიმბოლო
ხარი - ქართული ანტიკური ბრინჯაოს ქანდაკება
სახლი - ფუძე, კერა
ყურძენი - ნაყოფიერებისა და ბედნიერების სიმბოლო
სპირალი - სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო
